მემფის დეპაიმ „კორინთიანსი“ დატოვა – კლუბს ფეხბურთელის მიმართ 7-მილიონიანი დავალიანება აქვს #1TVSPORT

17:29, 12.08.2026

ბრაზილიურმა „კორინთიანსმა“ გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს კონტრაქტი ნიდერლანდელ ფორვარდთან, მემფის დეპაისთან, – წერს კლუბის პრესსამსახური.

გამოცემა Globo Esporte-ს ინფორმაციით, „კორინთიანსს“ შეიძლება სატრანსფერო ოპერაციების განხორციელება აუკრძალონ დეპაის მიმართ დაგროვილი ვალების გამო. კლუბმა ფორვარდს დაახლოებით შვიდი მილიონი ევრო არ გადაუხადა. ეს თანხა უკავშირდება გოლებისთვის, შედეგიანი გადაცემებისა და მოგებული ტიტულებისთვის გათვალისწინებულ ბონუსებს.

ახლა მემფის დეპაის შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიმართოს ფიფა-ს თანხის მიღების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში „კორინთიანსს“, შესაძლოა, აუკრძალონ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია.

თავად დეპაიმ სოციალურ ქსელში მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, დაადანაშაულა „კორინთიანსის“ ხელმძღვანელები შეთანხმების დარღვევაში და დაიმუქრა, რომ მათი მოქმედება დაუსჯელი არ დარჩება.

„ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ „კორინთიანსმა“ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ჩვენი შეთანხმება და უარი თქვას ჩემი კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. ეს პირობა მკაფიოდ იყო შეთანხმებული პრეზიდენტთან. მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, დაერღვია ეს ვალდებულება. მე არ მინდოდა ასეთი სიტუაციის მიღება და ყოველთვის პატივს ვცემდი კლუბს, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ხისტად ვიმოქმედო, რათა დავიცვა საკუთარი ინტერესები. უახლოეს დღეებში საჯაროდ გამოვალ და დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი საქციელი დაუსჯელი არ დარჩება“, – დაწერა დეპაიმ.

32 წლის ნიდერლანდელი ბრაზილიურ კლუბში 2024 წლის სექტემბრიდან თამაშობდა და 79 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი