მელანია ტრამპი ლებრონ ჯეიმსს გამოექომაგა
მელანია ტრამპი ლებრონ ჯეიმსს გამოექომაგა

დონალდ ტრამპის მიერ ლებრონ ჯეიმსის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამის შემდეგ, მისი მეუღლე და პირველი ლედი კალათბურთელს გამოექომაგა და განაცხადა, რომ ჯეიმსი ბევრ კეთილ საქმეს აკეთებს, რაც ძალიან დასაფასებელია.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლებრონმა ერთ-ერთ ინტერვიუში ტრამპს ბრალი დასდო, თითქოს მან ქვეყანაში რასისტებს ხელები გაუხსნა:

„სპორტი არასოდეს ყოფდა ადამიანებს. პირიქით, ის ყოველთვის გვაერთიანებდა. მისტერ ტრამპი კი ცდილობს გაგვყოს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ პრეზიდენტი სპორტს სწორედ ამისთვის იყენებს. მე ამას ვერ გავიზიარებ, რადგან ვიცი, რომ პირველად თეთრკანიან ადამიანთან სწორედ სპორტმა დამაახლოვა“, – განაცხადა ჯეიმსმა.

საპასუხოდ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „მსოფლიოში ყველაზე სულელ ჟურნალისტს სურდა, რომ ლებრონ ჯეიმსი ჭკვიანად გამოეყვანა, რაც სულაც არ არის ადვილი. მე უპირატესობას მაიკლ ჯორდანს ვანიჭებ“.

ამის საპასუხოდ, მელანია ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველი ლედი ლებრონის საქველმოქმედო საქმიანობას ძალიან აფასებს და სურს, რომ ყველა საკითხზე, რომელიც ბავშვებს უკავშირდება, კალათბურთელთან ღია დიალოგი გამართოს.

 

დატოვე კომენტარი