მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს
მეკლდეურობაში ირაკლი გელდიაშვილის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს

ხელოვნურ კედელზე ცოცვაში, ირაკლი გელდიაშვილის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს. ორგანიზატორი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერები – კულტურისა და სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ტურნირში მონაწილეობს 50-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – ლენტეხიდან, ქუთაისიდან, აჭარიდან, ყაზბეგიდან, მესტიიდან და თბილისიდან.

ტურნირის პირველ და მეორე დღეს შეჯიბრება ვაჟებსა და გოგონებს შორის 2-2 დისციპლინაში – სწრაფ და რთულ ცოცვაში გაიმართა. პირველ დღეს კვალიფიკაცია, ხოლო მეორე დღეს ფინალები ჩატარდა. ფინალებს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი დაესწრნენ.

სწრაფ ცოცვაში ვაჟებს შორის გამარჯვებული მესტია I-ის წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე გახდა, ხოლო გოგონებში – ნიცა თვაური (თბილისი I). თვაურმა ასევე, გაიმარჯვა რთულ ცოცვაში, ხოლო ვაჟებში – თბილისის გუნდის წევრმა, გიგა ჯანხოთელმა.