მეხუთე ქვეყნის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში - თოთაძე ყაზახეთში დააფასეს #1TVSPORT
მეხუთე ქვეყნის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში - თოთაძე ყაზახეთში დააფასეს #1TVSPORT

„აქტობეს“ ქართველი მცველი ლაშა თოთაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა – ტურის რჩეულები ყაზახურმა გამოცემა „სპორტსმა“ შეარჩია.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში „აქტობემ“ საკუთარ მოედანზე „კაისარს“ უმასპინძლა და 1;1 ითამაშა. ინტერნეტპორტალმა „სპორტსმა“ ქართველ მცველს საიმედო თამაში დაუფასა და 3-4-3 სისტემით შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაასახელა.

„ლაშა თოთაძემ დაცვაში საკუთარ უშუალო მოვალეობებს თავი კარგად გაართვა“, – ასე მოკლედ და ლაკონურად შეაფასა გამოცემამ ქართველის დამსახურება.

ლაშა თოთაძემ წინა ორი ტურის მატჩები გამოტოვა, რადგან ნაოპერაციევი ფეხი ასტკივდა და გაურთულდა, მაგრამ სწრაფად მომჯობინდა და ახლა კარგად არის. საინტერესოა, რომ 32 წლის მცველმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან ტურის სიმბოლურ ნაკრებში უკვე მეხუთე ქვეყანაში დაასახელეს – ის რჩეულებში მოხვედრილა საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროს, ასევე უნგრეთში „ლომბარდპაპაში“ გამოსვლისას, ირანში – „ნასაჯის“ ფორმით, უზბეკეთში კი „ქიზილკუმშიასპარეზობისას, ახლა კი ყაზახეთშიც დააფასეს.