მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე უთამაშია - ბორის სიჭინავა 88 წლის გახდებოდა #1TVSPORT
მეკარის გარდა, ყველა პოზიციაზე უთამაშია - ბორის სიჭინავა 88 წლის გახდებოდა #1TVSPORT

ერთ-ერთი პირველი უნივერსალი, ვისაც თბილისის „დინამოში“ უთამაშია, – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათდეს თბილისის „დინამოს“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი ბორის სიჭინავა, რომელსაც დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა.

მისი კარიერა გამორჩეული იყო იმით, რომ, მეკარის გარდა, ყველა სათამაშო ამპლუაში გამოსცადეს. თამაშობდა როგორც მცველის, ისე ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე.

ზუგდიდში დაბადებულმა ფეხბურთელმა 1955 წელს კარიერა ბაქოს „ნეფტიანიკში“ (ამჟამინდელი „ნეფთჩი“) დაიწყო. უთამაშია თბილისის „ოდოში“ (1955–1956), „სკვოში“ (1957), ხოლო თბილისის „დინამოში“ 1958 წელს აიყვანეს და გუნდის მაისურით 1967 წლამდე გამოდიოდა. „დინამოში“ ჩატარებულ 313 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა.

იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964 წელს), სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1958, 1962, 1967) და საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1960). ასევე გახლდათ 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე. პროფესიული კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდს (1994–1995).

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1978) ბორის სიჭინავა 2011 წლის 17 მაისს გარდაიცვალა.