მეკარე ლორია „ასტანას“ დირექტორად დაინიშნა
მეკარე ლორია „ასტანას“ დირექტორად დაინიშნა

ბოლო წლების ყაზახური ფეხბურთის ლიდერი „ასტანა“ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა. ბულგარელი მწვრთნელის, სტონიმირ სტოილოვის წასვლის შემდეგ გუნდმა ლიდერის პოზიცია ყაზახეთშიც დაკარგა და ახლა გუნდში საკადრო ცვილილებები დაიგეგმა, რომლის შედეგადაც კლუბში აღმასრულებელ დირექტორად წარმოშობით ქართველი მეკარე დავით ლორია დაინიშნა.

„გუნდმა ვერ შეძლო სეზონის მაღალ დონეზე დასრულება და ყველა ფრონტზე დამარცხდა. გუნდში მიიწვიეს დავიდ ლორია – ყაზახური ფეხბურთის ლეგენდარული მეკარე, ქარიზმატული ლიდერი და უბრალოდ ჭკვიანი ბიჭი. მაგრამ წარმოაჩენს ის თავს, როგორც აღმასრულებელი დირექტორი? კარგი ადამიანი ხომ პროფესია არ არის. ფეხბურთში მაგარი კარიერა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ხარისხის გარანტიას. თუმცა, წარმატებები დავითს!“ – წერს ყაზახური გამოცემა „პროსპორტი“.

39 წლის დავით ლორია ყაზახეთში, ქალაქ ცელინოგრადში (ამჟამად ნურ-სულტანში) დაიბადა, ყაზახეთის ნაკრებში კი 2000-2017 წლებში გამოდიოდა, 45 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაუშვა. ყაზახეთის სამგზის ჩემპიონია (2000, 2001, 2006). 2006 წელს ყაზახეთის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. კარიერა 2019 წელს დაასრულა.

ის ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებულ მატჩების რაოდენობით ხუთ საუკეთესო მეკარეს შორის მოხვდა. მამამისი, გრიგორი ლორია, საფეხბურთო კლუბ „კიზილ-ჯარას“ დირექტორია. დავით ლორია ფლობს რესტორანს ასტანაში, არის პედაგოგიკის დოქტორი.

2019 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, ახალგაზრდა სპეციალისტი ჩაირიცხა უეფა-ს MIP-ის საფეხბურთო მენეჯმენტის პროგრამაში, რომელიც შეიქმნა ყოფილი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებისთვის.