მეივეზერი - მალე გამოჩნდება მებრძოლი, რომელიც სუპერმძიმე წონას თავდაყირა დააყენებს
მეივეზერი - მალე გამოჩნდება მებრძოლი, რომელიც სუპერმძიმე წონას თავდაყირა დააყენებს

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მომავალი იწინასწარმეტყველა.

„ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური – ბრწყინვალე მოკრივეები არიან. ჩემთვის სულერთია, რომელი მათგანი მოიგებს, რადგან ამისთვის ფულს არავინ მომცემს. მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ყველა მხოლოდ ამ ორ მოკრივეს უყურებს.

მაგრამ კრივის დადებითი მხარე ის არის, რომ მებრძოლები მთელს მსოფლიოში არიან და ისინი თავიანთ შანსს ელოდებიან. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: მალე იხილავთ სუპერმძიმეწონოსანს, რომელიც არც ამერიკელია და არც ბრიტანელი. ის თავდაყირა დააყენებს მთელს დივიზიონს“, – მოჰყავს მეივეზერის სიტყვები გაზეთ „მირორს“.

ყველა თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ მეივეზერის აღწერილი მოკრივე ძალიან ჰგავს უკრაინელ ალექსანდრ უსიკს. მას უკვე ჰქონდა დებიუტი სუპერმძიმე წონაში, როცა ჩაზ უიზერსპუნი დაამარცხა. ახლა, მას ელოდება ორთაბრძოლა ლონდონში ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ. ეს შეხვედრა 23 მაისს არის ჩანიშნული.