მეივეზერი იაპონელთან მაინც იჩხუბებს
მეივეზერი იაპონელთან მაინც იჩხუბებს

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი, მაინც მზად არის იაპონელ ტენსინ ნასუკავასთან საბრძოლველად, ოღონდ ბრძოლას საჩვენებელი ხასიათი ექნება და მებრძოლებს ფეხით დარტყმები აეკრძალებათ.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ. წესები? ეს იქნება მცირე საჩვენებელი ბრძოლა კრივის წესებით. ფეხით დარტყმების გარეშე. მე ამ ბიჭთან რინგზე ცხრა წუთს გავატარებ. ეს არ იქნება ოფიციალური ორთაბრძოლა. ყველა ამბობს იმას, რომ პატარა ბიჭთან ვჩხუბობ. მაგრამ ხალხს არაფერი ესმის. ისინი, უბრალოდ, ამბობენ, რომ ფლოიდი ფულისთვის ჩხუბობს. ეს იგივეა თუ იტყვით, რომ ბილ გეისტი ან უორენ ბაფეტი აკეთებენ რაღაცას იმისთვის, რომ ფული მიიღონ. უკვე ბევრჯერ მითქვამს: ღარიბი არ ვარ. ბევრი ფული მაქვს. და ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული საჩვენებელი ბრძოლა ისტორიაში.

კრივიდან წავედი, მაგრამ მსოფლიოში მოგზაურობით, კვლავინდებურად დიდ ფულს ვშოულობ. ჯერ არ ვარ 60 ან 70 წლის. თუმცა, ასეთ ასაკშიც იგივეს გავაკეთებ. რატომ? გონიერი ინვესტიციაა“ – თქვა მეივეზერმა.

გასულ კვირას, იაპონურმა MMA-პრომოუშენმა ოფიციალურად გამოაცხადა ფლოიდის ბრძოლის შესახებ ნასუკავას წინააღმდეგ – 31 დეკემბერს საიტამაში. რამდენიმე დღის შემდეგ, მეივეზერმა ეს ინფორმაცია უარყო.