მეჰდი ტარემი - ფიფა-სგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ #1TVSPORT
მუნდიალის პირველ ტურში ახალ ზელანდიასთან 2:2 დასრულებული შეხვედრის შემდეგ ირანელმა ფეხბურთელმა, მეჰდი ტარემიმ მედიასთან ისაუბრა.
მისი განცხადებით, მიუღებელია, როდესაც გუნდს მასპინძელ ქალაქში ჩასვლა უშუალოდ თამაშის დღეს უწევს, ამიტომ ირანის ნაკრები ფიფა-სგან მეტ თანადგომას ითხოვს
„მოთამაშეები სტრესში ვართ, რადგან სათანადო მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ. მიმაჩნია, რომ ფიფა-ს ამ პროცესების უკეთ წარმართვა შეეძლო. ძალიან გადაღლილები ვართ, ბოლო პერიოდში არაერთ სირთულესთან მოგვიწია გამკლავება. ჩვენ მხოლოდ სიმშვიდე და სიხარული გვსურს – განა ეს არ არის თავად ფიფა-ს მთავარი გზავნილიც? ლოს ანჯელესიდან ნაჩქარევად წამოსვლა მოგვიწია, რაც ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს. ვფიქრობ, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მეტად უნდა შეგვიწყოს ხელი“, – აღნიშნა ტარემიმ.
ცნობისთვის, ირანის ეროვნულ გუნდს საწვრთნელი ბაზა მექსიკაში აქვს მოწყობილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ისინი მხოლოდ მატჩის გასამართად მიემგზავრებიან და დაპირისპირების დასრულებისთანავე უკან ბრუნდებიან.