მედიკოსებმა ანგარიში გაათანაბრეს - მეორე ნახევარფინალი ქუთაისში გაიმართება | ფუტსალის ლიგა
მედიკოსებმა ანგარიში გაათანაბრეს - მეორე ნახევარფინალი ქუთაისში გაიმართება | ფუტსალის ლიგა

ფუტსალის ლიგის 2018/19 სეზონის ნახევარფინალური სერია გრძელდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) „TMC თბილისს“ (ტატიშვილის კლინიკა) დაუპირისპირდა, რომელსაც პირველი შეხვედრა 2:1 მოუგეს.

ამჯერად, შეხვედრა „TMC თბილისის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. „მედიკოსებმა“ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს და ოთხი უპასუხო გოლი გაიტანეს და საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა – 4:0. ორი გოლით თავი თემურ ექიზაშვილმა გამოიჩინა. ამ გამარჯვებით, „TMC თბილისმა“ თსუ-სთან წონასწორობა აღადგინა და ახლა ორივე გუნდს თითო მოგება აქვს.

ლუკა თავზარაშვილი, თსუ – „მოწინააღმდეგემ პირველი შეხვედრის შეცდომები გაანალიზა და მომზადებულები გამოვიდა. შემდეგი მატჩისთვის ჩვენც ასე მოვიქცევით. ჩვენი ყველაზე მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მეტოქე სწორად ვერ შევაფასეთ და მათგან ნაკლებს ველოდით. ამისთვის დავისაჯეთ, მაგრამ ფინალისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.“

თემურ ექიზაშვილი, „TMC თბილისი“ – „წინა თამაშთან შედარებით უფრო მოტივირებულები ვიყავით. უკან დასახევი გზა არ გვქონდა – ეს თამაშიც რომ წაგვეგო, თსუ დიდ უპირატესობას მოიპოვებდა. შედეგი
იმან გამოიღო, რომ მწვრთნელის მითითებები ზედმიწევნით შევასრულეთ და გასული მატჩისგან განსხვავებით, მომენტების რეალიზება შევძელით. მომდევნო შეხვედრაში აქცენტს ბურთის კონტროლზე გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ უფრო დაძაბული თამაშები გველის“.

დღეს, 4 მაისს, მეორე ნახევარფინალური წყვილი ქუთაისის სპორტის სასახლეში ითამაშებს – ადგილობრივი „მართვე“ „თელასს“ უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „თელასმა“ 5:0 მოიგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ნახევარფინალური სერიები სამ მოგებამდე გაგრძელდება.