მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ თავის ოპონენტებს შეხვდება
მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ თავის ოპონენტებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ თავის ოპონენტებს შეხვდება, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი იძულებულია, საკუთარი ოპონენტების მხარდაჭერა მოიპოვოს, რათა მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელება უზრუნველყოს, თუმცა ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი და მემარცხენე ჟან ლიუკ მელანშონი უარს ამბობენ მაკრონთან თანამშრომლობაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტი პარტიის წარმომადგენლებს ელისეის სასახლეს დღეს და ხვალ უმასპინძლებს. „ბიბისის“ ინფორმაციით, მარინ ლე ლეპენს გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტთან შეხვედრა, მემარცხენეების ლიდერის მელანშონის ვიზიტი კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა მემარცხენეების ალიანსში შემავალი სოციალისტური და კომუნისტური პარტიის ლიდერები შეხვდებიან მაკრონს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერთან, კრისტიან ჟაკობთან შეხვედრა, რომელთანაც ემანუელ მაკრონს ალიანსის შექმნის ყველაზე დიდი შანსები აქვს. საფრანგეთის ცენტრისტული მთავრობა პოლიტიკური პარალიზების თავიდან არიდებას ცდილობს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საფრანგეთი უმართავი გახდეს. აბსოლუტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ცენტრისტულ ბლოკს ყველა კანონპროექტზე მოუწევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კომპრომისის ძიება. გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტს სამი მინისტრის ჩანაცვლება მოუწევს, რომლებიც კვირას გამართულ არჩევნებში დამარცხდნენ საკუთარ ოპონენტებთან და დაკარგეს თანამდებობა. საფრთხე ექმნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეთ ბორნის თანამდებობაზე დარჩენასაც.

„ბიბისის“ ცნობით, პრეზიდენტის გარშემო შეკრებილი ბლოკის ჩავარდნა დაანონსებულმა რეფორმებმა გამოიწვია, რომელთაგან ყველაზე დიდი გულის წყრომა საპენსიო ასაკის 62-დან 65 წლამდე აწევამ დაიმსახურა.