მედიის ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს
მედიის ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს

აშშ-ში გაზაფხულზე რუსეთისგან მიღებული სუნთქვის 45 აპარატი გაანადგურეს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბაზფიდი“ (Buzzfeed) აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე (FEMA) დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, Aventa-M ტიპის სუნთქვის აპარატები რუსეთიდან ტრანსპორტირების დღიდან არ გამოყენებულა. ამასთან, უცნობია, როდის მოხდა აპარატების უტილიზაცია. თუმცა მაისში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამოცემა „ბაზფიდს“ განუცხადა, რომ სუნთქვის აპარატები ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიშია დასაწყობებული, რადგან მათთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების შესახებ გახდა ცნობილი.

როგორც მედიასაშუალება წერს, რუსეთისგან მიღებული ხელოვნური სუნთქვის აპარატების აშშ-ში გამოსაყენებლად საჭირო იყო ელექტროადაპტერები, რომლებიც საავადმყოფოებს არ ჰქონდათ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მოდელის რამდენიმე მოწყობილობას რუსეთის საავადმყოფოებში ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ექვსი ადამიანი, ქვეყნის ხელისუფლებამ კი, მათი წარმოება შეაჩერა.

ამას გარდა, სუნთქვის აპარატები დამზადებული იყო რუსული კომპანიის მიერ, რომელთაც აშშ-ის სანქციები აქვთ დაწესებული. რუსეთისგან სამედიცინო მოწყობილობების მიღებას „დემოკრატების“ მხრიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა.

რუსეთისგან აპრილში მიღებული სამედიცინო მოწყობილობების სანაცვლოდ, აშშ-მა მომდევნო თვეებში რუსეთს 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნა. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ რუსეთისგან მიღებული ტვირთის ღირებულება ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა.