მედიის ინფორმაციით, ამერიკული და გერმანული სპეცსამსახურები 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის საიდუმლო მიმოწერას უთვალთვალებდნენ
მედიის ინფორმაციით, ამერიკული და გერმანული სპეცსამსახურები 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის საიდუმლო მიმოწერას უთვალთვალებდნენ

ამერიკული და გერმანული სპეცსამსახურები 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის საიდუმლო, დიპლომატიურ და სამხედრო მიმოწერას უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ საუბარია გერმანული საზოგადოებრივ-სამართლებრივი კომპანია „ცედეეფის“, ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტისა“ და შვეიცარიული კომპანია „ესარეფის“ ერთობლივ გამოძიებაში. გამოძიების ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო და გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური 50 წლის განმავლობაში ატარებდნენ ოპერაციას სახელწოდებით „რუბიკონი“.

საქმე ეხება შვეიცარიული კომპანია „კრიპტო ეიჯის“ მიერ, 1940-იან წლებში გამოშვებულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც დიპლომატიური და სამხედრო წერილებისა და სხვა მონაცემების დაშიფვრა ხდებოდა. ამ მოწყობილობას შვეიცარიული კომპანია სხვადასხვა ქვეყანას ათეულობით წლის განმავლობაში აწვდიდა.

როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, კომპანიის აღჭურვილობას გერმანული და ამერიკული სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ და სხვა ქვეყნების საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი.

შვეიცარიული კომპანიის ხელსაწყოს იყენებდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ვატიკანი, ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, ლიბია და ლათინური ამერიკის ქვეყნები.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გერმანულმა და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ ჩილეს ყოფილ პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს მმართველობის დამხობის გეგმა და არგენტინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ჰქონდათ ცნობები.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, დასავლეთის მთავარი მეტოქეები – საბჭოთა კავშირი და ჩინეთი შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული აღჭურვილობით არ სარგებლობდნენ, თუმცა მას იყენებდნენ მათი ახლო მოკავშირეები.

გამოძიების მიხედვით, გერმანული დაზვერვა სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მიმოწერას 2012 წლამდე კითხულობდა.