მედიის ცნობით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
მედიის ცნობით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

შეთანხმებას ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეებმა, კამჩიბეკ ტაშიევმა და საიმუმინ იატიმოვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, საზღვარზე განთავსებული ჯარები მუდმივი დისლოცირების ადგილზე უნდა დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბიშკეკში ათეულობით ადამიანმა გამართა მიტინგი. მომიტინგეები ყირგიზეთის პრეზიდენტისგან მათზე იარაღის გაცემას ითხოვდნენ, რათა ქვეყნის საზღვრის დაცვაში მიეღოთ მონაწილეობა. თუმცა, ქვეყნის უსაფრთხოების საბჭომ იარაღის გაცემაზე უარი განაცხადა.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის დაპირისპირება 28 აპრილს გამწვავდა. კონფლიქტი სასმელი წყლის გამანაწილებელი პუნქტის გამო, თავდაპირველად მოქალაქეებს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი, საბრძოლო მოქმედებებში გადაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ორივე მხრიდან 40 მოქალაქე დაიღუპა, 250 კი, დაშავდა. ყირგიზეთში პირველი და 2 მაისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული.