მედიის ცნობით, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართულ აქციაზე სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს
მედიის ცნობით, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გამართულ აქციაზე სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნების მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქცია ალმათში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა, სადაც პოლიციამ აქციის არანაკლებ 30 მონაწილე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები აქციების ფონზე ჩატარდა. ალმათის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქციის ორგანიზატორი ყაზახეთის დემოკრატიული პარტია იყო, რომელიც ცესკო-მ არ დაარეგისტრირა. მომიტინგეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ „ბოიკოტი!“. პოლიციამ დემონსტრანტები ალყაში მოაქცია. ალმათის პოლიცია მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანზე მისვლამდეც აკავებდა.

აქციის მონაწილეები პოლიციამ ალმათში, ასტანის მოედანზეც დააკავა. დაკავებულთა შორის პარტია „ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის“ წარმომადგენლები არიან. პარტიის ლიდერი მუხთარ აბლიაზოვი, რომელმაც ქვეყანა დატოვა და მას დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მომხრეებს აქციაზე გამოსვლისა და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა დაკავებული „პროფილაქტიკური საუბრის“ შემდეგ გაათავისუფლეს.