მედიის ცნობით, უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო, აშშ-მა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
მედიის ცნობით, უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო, აშშ-მა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო, აშშ-მა ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ პენტაგონის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ავიამზიდი „ჰარი ტრუმენი“ და მისი თანმხლები ხუთი სამხედრო გემი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უნდა გადასულიყო, თუმცა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ავიამზიდის ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ოფიციალური პირის თქმით, თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილება ასახავს ევროპაში მუდმივად ყოფნის საჭიროებას, რათა მოკავშირეები და პარტნიორები აშშ-ის კოლექტიური თავდაცვის ერთგულებაში დარწმუნდნენ. ოფიციალური პირის განცხადებით, ავიამზიდი და მისი თანმხლები ხუთი ხომალდი საბერძნეთსა და იტალიას შორის, იონიის ზღვაში დარჩება.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილება უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზებისა და დაძაბულობის ესკალაციის გამო მიიღეს.

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის მზადებაში სდებენ ბრალს. აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში გეგმავს შეჭრას. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ვითარების დაძაბვაში დასავლეთის ქვეყნებს ადანაშაულებს.