მედიის ცნობით, უკრაინის ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე

23:00, 02.07.2021

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, ბელარუსთან საზღვრის ჩაკეტვის თაობაზე. ასევე, უარყვეს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადება, რომ უკრაინიდან მათთან „უზარმაზარი რაოდენობის იარაღი“ შედის. უკრაინული მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა.

„უკრაინა კატეგორიულად უარყოფს ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებას, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღის შეტანის შესახებ. ბელარუსის საშინაო საქმეებში არასდროს ჩავრეულვართ და არც მომავალში ვგეგმავთ ამის გაკეთებას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა ბელარუსი ხალხის ლეგიტიმური ინტერესების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს ბელარუსის მხრიდან ოფიციალური შეტყობინება, საზღვრის დაკეტვის თაობაზე, ჯერჯერობით არ მიუღია.

მსგავსი