მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვაში დასაშვებად მიიჩნევენ აშშ-ის მიერ გადაცემული HIMARS-ების ​ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებას
მედიის ცნობით, უკრაინის დაზვერვაში დასაშვებად მიიჩნევენ აშშ-ის მიერ გადაცემული HIMARS-ების ​ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებას

უკრაინის დაზვერვაში დასაშვებად მიიჩნევენ აშშ-ის მიერ გადაცემული HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას ოკუპირებულ ყირიმზე განთავსებული რუსეთის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.​

სკიბიცკის შეკითხვა დაუსვეს, შეუძლია თუ არა უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემების ყირიმის ტერიტორიაზე გამოყენება.

„დღეს ყირიმის ნახევარკუნძული გახდა ყველა აღჭურვილობისა და იარაღის გადაადგილებისთვის ნამდვილი ჰაბი, რომელიც შედის რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონებში. მეორეც, თქვენ ხედავთ, რამდენად აქტიურად გამოიყენება დღეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი ჩვენს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად. ამიტომ ეს ასევე არის ერთ-ერთი სამიზნე, რომელზეც უნდა განხორციელდეს დარტყმა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ობიექტებისა და ზოგადად, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სკიბიცკიმ.

როგორც მედია წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა 15 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ აიღო ვალდებულება, არ გამოიყენოს HIMARS-ის სარაკეტო სისტემები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მინისტრს შეკითხვა დაუსვეს, ვრცელდება თუ არა ვალდებულება ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, რაზეც ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ მან აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს განუცხადა, რომ უკრაინას აქვს საკმარისი სტრატეგიული ობიექტები რუსების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რაზეც ოსტინმა უპასუხა, რომ ესმის მისი.

HIMARS-ის სარაკეტო სისტემები აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში გადასცა. სისტემებს მიზნის განადგურება 80 კილომეტრის მანძილზე შეუძლია, თუმცა პოტენციურად, რაკეტების სროლა 300 კილომეტრის მანძილზეც არის შესაძლებელი.