მედიის ცნობით, ტერეზა მეი აცხადებს, რომ „ბრექსიტის“ ისტორიული შეთანხმება თითქმის მიღწეულია
მედიის ცნობით, ტერეზა მეი აცხადებს, რომ „ბრექსიტის“ ისტორიული შეთანხმება თითქმის მიღწეულია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტს აცნობა, რომ „ბრექსიტის“ ისტორიული შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, პრემიერმა მინისტრები მოლაპარაკებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერეზა მეი არასდროს იწვევს მინისტრთა კაბინეტს „ბრექსიტის“ მოლაპარაკების მიმდინარეობის გასაცნობად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოლაპარაკება ფაქტობრივად, შემდგარია.

Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ევროსკეპტიკოსი მინისტრები – ანდრეა ლიდსომი და ესტერ მაკვეი პრემიერის გეგმას არ ეთანხმებიან და შესაძლოა, თანამდებობები დატოვონ. თუმცა, როგორც გამოცემა წერს, პრემიერი მხარდაჭერას ელოდება გარემოს დაცვის მდივან მაიკლ გოვესა და „ბრექსიტის“ მინისტრის დომინიკ რააბისგან.