მედიის ცნობით, საუდის არაბეთში მეფის ძმა და ძმისშვილი ღალატის ბრალდებით დააკავეს
მედიის ცნობით, საუდის არაბეთში მეფის ძმა და ძმისშვილი ღალატის ბრალდებით დააკავეს

საუდის არაბეთში მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის ძმა და ძმისშვილი ღალატის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მეფის ძმას, პრინც აჰმედ ბინ აბდულაზიზ ალ საუდს და ძმისშვილს, პრინც მუჰამედ ბინ ნაიეფ ბინ აბდულაზიზ ალ საუდს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

მედიასაშუალების ცნობით, 6 მარტს, დილას სამეფო სასახლის დაცვის წარმომადგენლები მეფის ძმასა და ძმისშვილთან სახლებში მივიდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და დააკავეს.

როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, სამეფოს ორი ყველაზე გამოჩენილი ფიგურის დაკავება მეფის შვილის, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ძალაუფლებას კიდევ უფრო განამტკიცებს.

საუდის არაბეთის მეფის ძმა და ძმისშვილი წარსულში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდნენ. თუმცა ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც მეფე სალმანმა ტახტის მემკვიდრედ თავისი შვილი მუჰამედ ბინ სალმანი დაასახელა, მათი გავლენა და ძალაუფლება სამეფო ოჯახში შესუსტდა.