მედიის ცნობით, რომან პროტასევიჩის მიერ ინტერვიუში მისი ხსენების შემდეგ, ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბმანმა ქვეყანა დატოვა
მედიის ცნობით, რომან პროტასევიჩის მიერ ინტერვიუში მისი ხსენების შემდეგ, ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბმანმა ქვეყანა დატოვა

ბელარუსმა პოლიტოლოგმა არტიომ შრაიბმანმა ქვეყნის ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური ტელეგრამ არხის – „ნეხტას“ რედაქტორმა, რომან პროტასევიჩმა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ის ახსენა. ამის შესახებ tvrain.ru იუწყება.

მედიის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში პროტასევიჩმა ბელარუსში საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობა „აღიარა“ და განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის აქტივობებს უწევდნენ კოორდინირებას, ფარულ ჩათში ერთიანდებოდნენ. აღნიშნულის წევრი კი შრაიბმანიც იყო.

„ამ პროცესებში ჩემი მონაწილეობა რომანმა გადაჭარბებულად შეაფასა. დიახ, 2020 წლის შემოდგომამდე გაწევრიანებული ვიყავი ამ ჩათში, რომელიც თავდაპირველად ბლოგერების რიგითი ე.წ. ინტერნეტ შეკრება იყო, მაგრამ მიმდინარე პროტესტი დისკუსიების მთავარ თემად იქცა“, – განაცხადა შრაიბმანმა.

პოლიტოლოგის თქმით, ბელარუსის უსაფრთხოების ძალებმა ჩათის არსებობისა და მისი მონაწილეების შესახებ ჯერ კიდევ შემოდგომით იცოდნენ. ამასთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ მანამდე ბელარუსის დატოვებას არ გეგმავდა.

„მაგრამ დღევანდელ ბელარუსში კავშირის არქონა, თუნდაც იმასთან, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უკვე დანაშაულად თვლის, არასაკმარისია თავის დასაზღვევად. პროტასევიჩის ცალკეული ხმამაღალი განცხადებები ჩემზე უსიამოვნო რისკის ზონაში შესვლაა“, – აღნიშნა შრაიბმანმა.

მედიის ცნობით, პოლიტოლოგი არტიომ შრაიბმანი უკრაინაში გაემგზავრა.