მედიის ცნობით, პენტაგონმა სამხედრო ობიექტებზე კონფედერაციის დროშის აღმართვა აკრძალა
მედიის ცნობით, პენტაგონმა სამხედრო ობიექტებზე კონფედერაციის დროშის აღმართვა აკრძალა

პენტაგონმა სამხედრო ობიექტებზე კონფედერაციის დროშის აღმართვა აკრძალა. როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, აღნიშნული აკრძალვა აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ისე დააწესა, რომ სიტყვა „კონფედერაცია“ არ გამოუყენებია.

კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა გამოაქვეყნა იმ დროშების ჩამონათვალი, რომელთა აღმართვაც დასაშვებია ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და მანქანებზე. აღნიშნულ ჩამონათვალში კონფედერაციის დროშა არ მოხვდა.

აღნიშნული ინსტრუქციის მიხედვით, ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე, ასევე ავტომობილებზე დასაშვებია ამერიკის შტატებისა და ტერიტორიების, სამხედრო სამსახურებისა და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დროშების აღმართვა.

კონფედერაციის დროშა სამოქალაქო ომის დროს სამხრეთის შტატების სიმბოლო იყო, რომლებიც მონათმფლობელობის შენარჩუნებას ემხრობოდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის დროშის აკრძალვას ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.