მედიის ცნობით, ოდესაზე რუსული დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 300 ათასზე მეტ ოჯახს შეუწყდა

00:42, 10.08.2026

ქალაქ ოდესასა და ოდესის ოლქზე რუსული დარტყმების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება 300 ათასზე მეტ ოჯახს შეუწყდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 9 აგვისტოს საღამოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება გათიშული აბონენტების დაახლოებით მესამედს აღუდგა და აღდგენითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ზელენსკის თქმით, ქალაქში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გარდა, შეფერხებებია წყალმომარაგებასა და კავშირგაბმულობაშიც.

დარტყმები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში რუსეთის დარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოლქის ოთხ რაიონზე დრონებით, არტილერიითა და საავიაციო ბომბებით თითქმის 40-ჯერ მიიტანეს იერიში.

მსგავსი