მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის მიზანია, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდეს გაკეთებული
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის მიზანია, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70 პროცენტს ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდეს გაკეთებული

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 4 ივლისისთვის ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრას ისახავს მიზნად, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჯო ბაიდენის ახალი მიზანი დამოუკიდებლობის დღისთვის აშშ-ის 160 მილიონი ზრდასრულის სრულად ვაქცინაციას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ამჟამად აშშ-ის 105 მილიონი მოქალაქე არის სრულად ვაქცინირებული, ხოლო 147 მილიონ მოქალაქეს ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

„ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით 20 და 30 წლის, ფიქრობს, რომ ვაქცინა არ სჭირდება. მინდა, მათ გარკვევით ვუთხრა, თქვენ გჭირდებათ ვაქცინა“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მიზანი განხორციელდეს, ადმინისტრაცია ვაქცინის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იმუშავებს. მოქალაქეებს ათასობით აფთიაქში შეეძლებათ ჩაწერა, ხოლო გადაუდებელი დახმარების ფედერალური სააგენტოს (FEMA) მეშვეობით, მეტი საველე კლინიკის მოწყობა იქნება შესაძლებელი.