მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ.

ფსაკიმ დაადასტურა ცნობები იმაზე, რომ ბაიდენი ორშაბათს დაესწრება „დიდი შვიდეულის“ ვირტუალურ შეხვედრას, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოფორმატის საშუალებით შეუერთდება.

„ისინი განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლოდროინდელ მოვლენებს და პუტინის ომის გლობალურ გავლენას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას და კოლექტიური პასუხის სახით G7-ის ერთიანობის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ფსაკიმ.

მიმდინარე წლის 28 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის გახსნის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განახორციელა ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე ქვეყნებისთვის, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ლენდ-ლიზის ფარგლებში აშშ-მა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღი და საჭირო სტრატეგიული ნედლეული გასცა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის მიმდინარეობაში.