მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ქსელი დაბომბა
მედიის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ქსელი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ გვირაბების ქსელი 120-ზე მეტი რაკეტით დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჰიდაი ზილბერმანის განცხადებით, სამხედრო ოპერაციაში, რომელიც 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, 52-მა სამხედრო თვითმფრინავმა 40 მიწისქვეშა სამიზნეზე მიიტანა იერიში. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმების სამიზნე ასევე გახდა იარაღის საწყობები და სამეთაურო ცენტრი. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში გასულ ღამეს „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სულ მცირე 10 წევრი მოკლეს. ავიაიერიშები ძირითადად კონცენტრირებული იყო ხან იუნისში და რაფაში, საიდანაც ისრაელის მიმართულებით რაკეტების უმრავლესობა გაუშვეს.

„ჰამასის“ განცხადების პასუხად, რომ სარაკეტო იერიშის სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალების ბაზა გახდა, ჰიდაი ზილბერმანმა თქვა, რომ „ჰამასმა“ თავდასხმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ისრაელის არმია ოფიციალურად ადასტურებს, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს „ჰამასის“ მეთაურის, მუჰამედ დეიფის მოკვლა ორჯერ სცადა და მან ორივეჯერ უვნებლად მოახერხა გაქცევა.