მედიის ცნობით, ისრაელის პოლიციამ ტაძრის მთის კომპლექსში პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა
მედიის ცნობით, ისრაელის პოლიციამ ტაძრის მთის კომპლექსში პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის კომპლექსში შეიჭრა და პალესტინელების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, – წერს ადგილობრივი მედია.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ტერიტორიაზე წესრიგის აღდგენა მას შემდეგ დაიწყეს, რაც პალესტინელებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ არეულობა მოაწყვეს და პოლიციის თანამშრომლებს ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ.

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის“ ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 53 პალესტინელი დაშავდა. ისრაელის მედია სამი პოლიციელის დაშავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ისრაელში შიშობენ, რომ იერუსალიმში დაძაბულობა 9 მაისსაც გაგრძელდება. კვირა საღამოს პალესტინელების „ბედის ღამეა“, ყველაზე წმინდა მოვლენა მუსლიმთა წმინდა რამადანის თვეში. მუსლიმი მომლოცველები ღამით ინტენსიური ლოცვებისთვის შეიკრიბებიან ალ-აქსას მეჩეთში. კვირას ღამით აგრეთვე იწყება იერუსალიმის დღე, ეროვნული დღესასწაული, რომლის დროსაც ისრაელში იერუსალიმის გაერთიანებას აღნიშნავენ და რელიგიური ნაციონალისტები აღლუმებსა და სხვა დღესასწაულებს მართავენ ქალაქში.