მედიის ცნობით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის ვიზიტის შემდეგ პალესტინელები რელიგიური ომით იმუქრებიან
მედიის ცნობით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის ვიზიტის შემდეგ პალესტინელები რელიგიური ომით იმუქრებიან

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ვიზიტის შემდეგ პალესტინელები რელიგიური ომის დაწყებით იმუქრებიან, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პალესტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ნაბილ აბუ რუდეინეჰის განცხადებით, ალ-აქსას მეჩეთისთვის ნებისმიერი ზიანი ცეცხლთან თამაშია და რეგიონს რელიგიურ ომში ჩაითრევს, რომლის არასასურველი შედეგები ყველას შეეხება.

პალესტინის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ქმედებები ალ-აქსას კომპლექსზე ისრაელის სუვერენიტეტს ვერ დაამკვიდრებს.

ალ-აქსას კომპლექსზე სტატუს კვოს შესანარჩუნებლად პალესტინელები აშშ-ისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან დაუყოვნებლივ მოქმედებას ითხოვენ. მუსლიმებისთვის ალ-აქსა წარმოადგენს ისლამის მესამე უწმინდეს ადგილს. ებრაელები ამ ტერიტორიას ტაძრის მთას უწოდებენ და ამბობენ, რომ უძველესი დროიდან ორი ებრაული ტაძრის ადგილი იყო.