მედიის ცნობით, გულბუდინ ჰექმათიარმა ყატარში მიმდინარე შიდა ავღანური მოლაპარაკებები ჩაშლილად გამოაცხადა
მედიის ცნობით, გულბუდინ ჰექმათიარმა ყატარში მიმდინარე შიდა ავღანური მოლაპარაკებები ჩაშლილად გამოაცხადა

ვეტერანმა ავღანელმა მუჯაჰიდების ლიდერმა, გულბუდინ ჰექმათიარმა ყატარში მიმდინარე შიდა ავღანური მოლაპარაკებები ჩაშლილად გამოაცხადა. ამის შესახებ „ანადოლუ“ წერს.

მედიის ცნობით, ავღანური პარტია „ჰეზბ-ე-ისლამის“ ლიდერი მოლაპარაკებების სხვა ქვეყანაში გადატანის ინიციატივით გამოვიდა. გულბუდინ ჰექმათიარმა ავღანეთის მთავრობა მოლაპარაკებების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ქვეყნის მთავრობა პარტიასთან დაკავშირებულ პატიმრებს არ ათავისუფლებს. მუჯაჰიდების ლიდერმა აღნიშნული მოსაზრებები ავღანეთში ვიზიტით მყოფ აშშ-ის მომლაპარაკებელს, ზალმაი ხალილზადს გააცნო. გულბუდინ ჰექმათიარი აცხადებს, რომ მისი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდება, „ჰეზბ-ე-ისლამი“ პრეზიდენტის სასახლესთან აქციას გამართავს. მუჯაჰიდების ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა, აშშ-თალიბანის სამშვიდობო შეთანხმების საბოტაჟს ცდილობს.

გასულ წელს გულბუდინ ჰექმათიარმა კრიზისის გადასალახად „თალიბანთან“ დაახლოების სურვილი გამოთქვა.