მედიის ცნობით, ბრიტანეთში მედპერსონალი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის
მედიის ცნობით, ბრიტანეთში მედპერსონალი სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის

მთავრობა მედპერსონალს აღჭურვილობის ხელმეორედ გამოყენებას თუ სთხოვს, ამის მიზეზი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მეცნიერული მტკიცებულებები უნდა იყოს და არა ხელმისაწვდომობა, – განაცხადა ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ჰარდვუდმა.

„როიტერის“ ცნობით, დიდ ბრიტანეთში მედპერსონალი თავდაცვის აღჭურვილობის ნაკლებობას აკრიტიკებს. ქვეყნის მასშტაბით აღჭურვილობის ნაკლებობა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც შეინიშნება. ამ საკითხზე კრიტიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ზოგ დაწესებულებაში შეიძლება აღჭურვილობის ხელახლა გამოყენება გახდეს საჭირო.

უწყებამ, რომელიც საავადმყოფოებსა და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისების სხვადასხვა დაწესებულებებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ ეს მოწოდება იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათების კრიტიკული ნაკლებობაა.

„ახლა ნათელია, რომ ზოგიერთ დაწესებულებაში სრულიად სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათები უკვე ამ კვირაში გათავდება“, – განაცხადა უწყების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, საფრონ ქორდერიმ.