მედიის ცნობით, ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის დიპლომატებს აძევებენ
მედიის ცნობით, ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის დიპლომატებს აძევებენ

ბელარუსი და ლატვია ერთმანეთის დიპლომატებს აძევებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ყველა ლატვიელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ლატვიამ ანალოგიური ზომებით უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების გამო, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სადაც ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ბელარუსის სახელმწიფო დროშა, ბელარუსის ისტორიული წითელი და თეთრი ფერის დროშით შეცვალეს, რომელიც ახლა ანტისამთავრობო პროტესტის სიმბოლოს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, 23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.​ ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.