თეა წულუკიანი - მედიაციის შესახებ კანონი განხილვაშია და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება
თეა წულუკიანი - მედიაციის შესახებ კანონი განხილვაშია და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება

იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ მოქალაქეებს არ უწევდეთ ნებისმიერი დავის შემთხვევაში სასამართლოში წასვლა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მედიაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო არის ის დაწესებულება, რომელიც იხილავს და უნდა იხილავდეს ჩემი  მხოლოდ კომპლექსურ დავებს, ქმნიდეს პრეცედენტს და ავითარებდეს სამართლებრივ კულტურას.

„რაც შეეხება პატარა დავებს, ან იმ საქმეებს, რომელთა განხილვაც სწრაფ ვადებში არის სასურველი, ვფიქრობთ, ამისათვის საზოგადოებას შეგვიძლია შევთავაზოთ არბიტრაჟი ან მედიაცია. როგორც იუსტიციის მინსიტრს, მე სულაც არ მიმაჩნია, რომ მედიაცია და არბიტრაჟი არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, პირიქით, მგონია, რომ ეს არის ადამიანისთვის ბუნებრივი გზა გადაწყვიტოს დავა, რომელიც მას აპირისპირებს სხვა ადამიანთან. ხოლო სასამართლო შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც ალტერნატიული გზა ისეთი დავის გადაჭრისთვის, რომელზეც ვერ შევთანხმდით სხვა სივრცეში, ანუ მედიაციისას. ეს არის მედიაციის ფილოსოფია, რომლითაც ჩვენ რეფორმები გავატარეთ, შევიმუშავეთ მედიაციის შესახებ კანონი და ის უკვე წარედგინა საქართველოს მთავრობას. კანონი განხილვაშია და იმედი მაქვს, სულ რამდენიმე დღეში წარედგინება პარლამენტს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ დღეს ახალი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების – მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.​