მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე - დროა, „ბარსელონაში“ გავუშვათ, ის კოსმოსის დონეა
მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე - დროა, „ბარსელონაში“ გავუშვათ, ის კოსმოსის დონეა

ცნობილმა რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა (ამჟამად Match TV- ში მუშაობს) გიორგი ჩერდანცევმა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის პრეს-სამსახურსაც ხელმძღვანელობს, „ტვიტერის“ გვერდზე მოსკოვის „სპარტაკთან“ შეხვედრაში ხვიჩა კვარცხელიას თამაშით აღტაცება ვერ დამალა.

„დროა, ხვიჩა „ბარსელონაში“ გავუშვათ. (მისი) თამაშის დონე არის კოსმოსი“, – წერს ჩერდანცევი.

ის ერთადერთი არაა, ვინც რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი გამოარჩია. „სპარტაკის” ყოფილ პრეზიდენტს, ანდერი ჩერვიჩენკოს მიაჩნია, რომ მოსკოვის გუნდს „აიაქსიდან“ ნიდერლანდების ნაკრების თავდამსხმელის ქვინსი პრომესის ნაცვლად, ხვიჩას ტრანსფერი უნდა განეხორციელებინა.

ანდრეი ჩერვიჩენკო: „პრომესის დაბრუნებით პიარ-სისულელეების ნაცვლად, მოსკოვის „სპარტაკს“ ხვიჩას ტრანსფერი უნდა განეხორციელებინა. პრომესისა და ჰენდრიქსის (ასევე ნიდერლანდების ნაკრების კანდიდატია) მოყვანა გაძლიერება არ იყო. ჰენდრიქსი კარგად გამოიყურება, მაგრამ ის ხვიჩას დონის მოთამაშე არაა“.

იური ბელოუსი, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: „კვარაცხელია გამორჩეულია. ჩემთვის ის საერთაშორისო დონის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს არა მხოლოდ ნებისმიერი რუსული კლუბი, არამედ ევროპულიც”.

ვალერი კეჩინოვი, „სპარტაკის“ და რუსეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე: „გუნდის წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ „სპარტაკს“ მინდორზე არ ჰყავდა არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიცაა „რუბინის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ის შესანიშნავი მოთამაშეა.“

გამოცემა „სპორტ-ექსპრესი“: „ხვიჩამ „სპარტაკი“ გაანადგურა. „რუბინი“ მზად არის გაყიდოს იგი. როდის და რამდენად? ახალგაზრდა ქართველისთვის ეს რუსეთში ბოლო სეზონია და რუბინი თავისი მთავარი ვარსკვლავის ტრანსფერისთვის ემზადება“.