„მეცს“ მიქაუტაძის გოლმა ვერ უშველა - დავითაშვილის „ბორდომ“ კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა [ვიდეო] #1TVSPORT

„მეცის“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგაში 2-ში ისევ გაიტანა, ამჯერად „პარიზთან“, მაგრამ „მეცმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი ვერ მოიგო – 1:1. სამაგიეროდ, ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ 2:0 გაიმარჯვა და კონკურენტთან უპირატესობა გაზარდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „პარიზმა“ გასვლაზე „მეცთან“ მე-13 წუთზე ანგარიში მორგან გილავოგის გოლით გახსნა, მაგრამ „მეცმა“ ანგარიში სწრაფად აღადგინა. მე-19 წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ მიქაუტაძემ შეასრულა – 1:1. „მეცის“ მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართველის გუნდმა უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა.

ტურის მატჩში ზურიკო დავითაშვილი ისევ „ბორდოს“ შემადგენლობაში იყო და 81 წუთი ითამაშა „ვალანსიენის“ წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურის დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 69-ე წუთზე კი „ბორდო“ იოან ბარბემ დააწინაურა. სტუმართა უპირატესობა 82-ე წუთზე ჯოშ მაჯამ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

33 ტურის შემდეგ „ბორდო“ 62 ქულით მეორე ადგილზეა და „მეცთან“ (59) უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდა. მიქაუტაძემ კი ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე შვიდი საგოლე გადაცემაა.