„მეცის“ გენერალური დირექტორი - მიქაუტაძის კლუბში ათი წლით დატოვებაზე ფიქრი უტოპიაა #1TVSPORT
„მეცის“ გენერალური დირექტორი - მიქაუტაძის კლუბში ათი წლით დატოვებაზე ფიქრი უტოპიაა #1TVSPORT

„მეცის“ გენერალურმა დირექტორმა, ელენ შრუბიმ RL Sports-თან ვრცელ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძის დაბრუნებაზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ქართველი თავდამსხმელის „აიაქსიდან“ იჯარით დამატება ძალიან რთული იქნება.

„ორი ვარიანტია – მილიარდიანი ბიუჯეტი გაქვს, ისევე როგორც პსჟ-ს, ან იძულებული ხარ, იყო კლუბი, რომელსაც არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ იყიდოს კონკურენტუნარიანი მოთამაშეები. ასეა ჩვენთან და ვავარჯიშებთ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც მაღალ დონეზე ერთ, ორ, სამ ან ოთხ წელში ითამაშებენ.

მესმის გულშემატკივრების. როცა მიქაუტაძის თამაშს ხედავ, გინდა, რომ ის გუნდში ათი წელი დარჩეს. სამწუხაროდ, ეს უტოპიაა. საფრანგეთში არცერთ კლუბს ტრანსფერების გარეშე დადებითი ბალანსი არ ექნება. საფრანგეთი ტალანტების ექსპორტიორია, ეს მხოლოდ „მეცს“ არ ეხება, ეს თანამედროვე ფეხბურთის ნორმალური მდგომარეობაა“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

ელენ შრუბი „მეცის“ დირექტორი 2016 წლიდანაა. ის ერთადერთი ქალია, რომელსაც ეს თანამდებობა ლიგა 1-ის კლუბში უკავია. 2021 წლის თებერვალში ის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.