მებრძოლი ბიჭია და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება - ფრანგული „როდეზის“ ქართველ მოთამაშეს სიმსივნე დაუდგინდა #1TVSPORT
მებრძოლი ბიჭია და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება - ფრანგული „როდეზის“ ქართველ მოთამაშეს სიმსივნე დაუდგინდა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ის „როდეზმა“ ლიგა 2-ის მე-14 ტურში, შინ ადვილად დაამარცხა „კევილი“ (3:0). მოთამაშეებმა გამარჯვების სიხარულის ნაცვლად, ამირან სანაიას გამოუცხადეს მხარდაჭერა.

კლუბის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მიურატმა საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის შესახებ გამოცემა Midi Libre-სთან უსიამოვნო ამბავი გააჟღერა, რომ ამირან სანაიას, 32 წლის ასაკში სიმსივნე დაუდგინეს.

„ეს ამბავი ჩვენც ამ კვირაში გავიგეთ. მან პირველი ტესტები ჩააბარა, მომავალ კვირას კი ტულუზაში კიდევ ერთ ტესტს გაივლის. ეს ბრძოლაა და კლუბი მას გვერდში დაუდგება. ყველანი ვიქნებით მასთან, მის ოჯახთან ერთად. თავისი მებრძოლი სულისკვეთებით, ის უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება“, – თქვა მიურატმა.

სანაია 1989 წლის 3 სექტემბერს სოხუმში დაიბადა. პროფესიული კარიერა „ზესტაფონში“დაიწყო, შემდეგ იყო ფრანგული „ლემანი“, „ბასტია“, „ლუზენაკი“, „პარიზი“, „ლერბიე“, 2017 წლიდან კი „როდეზში“ გადავიდა, რომლის ფორმაც 107-ჯერ მოირგო. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, 2007 წლიდან ეროვნულ ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმაც 6-ჯერ მოირგო.

საქართველოს პირველი არხის სპორტული მიმართულება ამირან სანაიას მხარდაჭერას უცხადებს და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.