მე ვარ მილიონობით დაჩაგრულ ქალს შორის - ირანი ოლიმპიადის პრიზიორმა ერთადერთმა ქალმა დატოვა
მე ვარ მილიონობით დაჩაგრულ ქალს შორის - ირანი ოლიმპიადის პრიზიორმა ერთადერთმა ქალმა დატოვა

21 წლის ტაეკვანდოისტმა, კიმია ალიზადემ ირანი პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა. ამის შესახებ სპორტსმენმა „ინსტაგრამის“  საკუთარ გვერდზე განაცხადა.

ალიზადემ საკუთარ თავს „ირანში მილიონობით დაჩაგრულ ქალს შორის ერთ-ერთი“ უწოდა.

„ისინი მაგზავნიდნენ იქ, სადაც თავად სურდათ. მეცვა ის, რასაც ისინი მეუბნებოდნენ. ვიმეორებდი მათ თითოეულ წინადადებას. ისინი ჩემს ექსპლუატაციას ეწეოდნენ, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ“, – დაწერა სპორტსმენმა.

მანვე დაამატა, რომ ირანის მთავრობა ერთდროულად ხარობდა მისი გამარჯვებებით და აკრიტიკებდა სპორტის სახეობის არჩევისთვის. „კეთილშობილი ქალი ფეხებს არ უნდა იქნევდეს“, – მოიყვანა ალიზადემ ირანელი სპორტული ფუნქციონერების სიტყვები. სპორტსმენის თქმით, ის გაურბის კორუფციას, პირფერობას, ტყუილს, უსამართლობასა და სიყალბეს.

„მათ ნებას რომ დავყოლოდი, შემეძლო მომეხვეჭა სიმდიდრე და ძალაუფლება, მაგრამ ზურგი ვაქციე მათ. ადამიანი ვარ და მინდა, კაცობრიობის ერთგული დავრჩე. ყველაფერი, რაც მე მინდა – ტაეკვანდოში ვარჯიში, უსაფრთხოება და ბედნიერი ცხოვრება“, – აღნიშნა სპორტსმენმა.

ალიზადემ განაცხადა, რომ „ეს გადაწყვეტილება უფრო რთულია, ვიდრე ოლიმპიური მედლის მოპოვება“. სპორტსმენი წერს, რომ ევროპაში გაემგზავრა, მაგრამ არ დაუზუსტებია – სად. ირანული სააგენტო ISNA-ს მონაცემებით, ლაპარაკია ნიდერლანდებზე.

2016 წელს ტაეკვანდოისტმა ალიზადემ ბრინჯაო მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე. ის არის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ირანელი სპორტსმენი ქალი, რომელსაც მედალი აქვს მოპოვებული ოლიმპიადაზე.