მე მის ადგილზე არც დავფიქრდებოდი - ცხადაძე კვარაცხელიას „დორტმუნდში“ წასვლას ურჩევს
მე მის ადგილზე არც დავფიქრდებოდი - ცხადაძე კვარაცხელიას „დორტმუნდში“ წასვლას ურჩევს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, რომელიც ამჟამად ყაზახურ „ორდაბასში“ მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ ფეხბურთელისთვის დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადასვლა აჯობებს.

„ახლა ხვიჩა ყაზანის „რუბინის“ წამყვანი ფეხბურთელია, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და გამორჩეული პერსპექტივის მქონე ბავშვია. ყველამ ვიცით, რომ ბოლო დროს ძალიან მოუმატა. თუ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაინტერესებაზე გავრცელებული ინფორმაცია მართალია, ხვიჩა იქ ვარსკვლავი გახდება, რადგან გერმანულ კლუბში ახალგაზრდებს ზრდიან, თავად კი ვიცით, რომ ძალიან ბევრს შრომობს და თანამიმდევრულად წინ მიდის“, – ამბობს ცხადაძე.

მისი თქმით, დაინტერსების შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია გერმანულ კლუბში სწორედ ახლა უნდა გადავიდეს: „დიახ, უნდა წავიდეს. თუ აქვს შანსი, მე მის ადგილზე არც დავფიქრდებოდი, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ სწორედ ასეთ ახალგაზრდებს იწვევს და ვარსკვლავად აყალიბებს. საერთოდ, ხვიჩა გერმანიაშi უფრო გაიზრდება“.

შეგახსენეთ, რომ სამენეჯერო ვებგვერდის, Transfermarketweb-ის ცნობით, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ყაზანის „რუბინს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ მიმართა. ვებგვერდი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას „სევილიაც“ აკვირდება.

დატოვე კომენტარი