მე-11 ტური „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ - ლიდერები ერთმანეთს წყალტუბოში დაუპირისპირდებიან
მე-11 ტური „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ - ლიდერები ერთმანეთს წყალტუბოში დაუპირისპირდებიან

4-5 მაისს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-11 ტურის მატჩები გაიმართება. ტურის ცენტრალური შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გათამაშების ლიდერი – ბათუმის „დინამო“ სუპერთასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

მატჩის მნიშვნელობა დიდია – გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები პირველი ადგილის შენარჩუნებას შეძლებენ, ქუთაისელები კი ლიდერთან სხვაობას ორ ქულამდე შეამცირებენ.

თბილისის „დინამო“ „დინამო არენაზე“ ბოლნისის „სიონს“ შეხვდება და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა 2019 წლის 6 მარტს ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

აუტსაიდერთა მატჩი კი „მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარდება, სადაც „ვიტ ჯორჯია“ „რუსთავს“ მიიღებს. რუსთაველებს ჯერ ქულაც არ მოუპოვებიათ, „ვიტ ჯორჯია“ კი გამარჯვების შემთხვევაში „სიონს“ დაეწევა და მეექვსე ადგილზე გადავა. რუსთაველებს დისკვალიფიცირებული ზურაბ ჯაფიაშვილი ვერ დაეხმარება.

დარჩენილი ორი მატჩი კვირას, 5 მაისს გაიმართება. გორის თენგიზ ბურჯანაძეის სახელობის სტადიონზე „დილა“ საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლებს. გორელებს აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევის შანსი მიეცემათ, საჩხერელები კი მოგებით კი სამეულში მოხვდებიან.

„კრისტალბეთ ეროვნული“ ლიგის მე-11 ტური პრინციპული დედაქალაქური დერბით დასრულდება. მიხეილ მესხის სტადიონზე „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს და დაკარგული პირველობის დაბრუნებას შეეცდება, „ლოკომოტივს“ კი სამი ქულა მეცხრედან მეშვიდე ადგილზე დაწინაურების საშუალებას მისცემს.

მატჩების განრიგი

შაბათი, 4 მაისი

ტორპედო – დინამო ბთ

16:00. წყალტუბო. სტადიონი „26 მაისი“

დინამო თბ – სიონი

19:00. თბილისი. სტადიონი „დინამო არენა“

ვიტ ჯორჯია – რუსთავი

21:00. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი 2“

კვირა, 5 მაისი

დილა – ჩიხურა

19:00. გორი. სტადიონი „თენგიზ ბურჯანაძე“

საბურთალო – ლოკომოტივი

21:00. თბილისი. სტადიონი „მიხეილ მესხი“