მე-1000 მატჩი ეროვნულ ლიგაში - „დინამო“ დღეს ისტორიულ ზღვარს გადააბიჯებს #1TVSPORT
მე-1000 მატჩი ეროვნულ ლიგაში - „დინამო“ დღეს ისტორიულ ზღვარს გადააბიჯებს #1TVSPORT

დღეს, ბათუმის ახალ სტადიონზე მე-12 ტურისა და მეორე წრის ცენტრალური მატჩი გაიმართება – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ვიცეჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება. 

ეს თბილისის „დინამოსთვის“ საიუბილეო შეხვედრა იქნება – გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-1000 მატჩს გამართავს. არც ერთ ქართულ გუნდს ეროვნულ ლიგაში (უმაღლეს ლიგაში) ამდენი მატჩი არ ჩაუტარებია. ეს საქართველოს აბსოლუტური რეკორდია, რადგან ერთადერთი თბილისის „დინამოა“, რომელმაც 1990 წლიდან მოყოლებული ყველა ჩემპიონატი ითამაშა.

ეროვნულ ლიგის 2021 წლის სეზონის მონაწილე ყველა გუნდი სხვადასხვა დროს ლიგიდან გავარდნილა და მონაწილეობის უფლება მერე ისევ მოიპოვა. წლევანდელი ეროვნული ლიგის მონაწილეებიდან ამ კუთხით ერთადერთი გამონაკლისი, „დინამოს“ გარდა, „საბურთალოა“, მაგრამ ის ლიგაში მხოლოდ 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს.

რაც შეეხება ბათუმის „დინამოსა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირებას. საქართველოს ჩემპიონატში 61 მატჩიდან 41 თბილისელებმა მოიგეს, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 10-ში გამარჯვებულები ზღვისპირელები დარჩნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდაა – 124:54.

მიმდინარე სეზონში ორი „დინამო“ მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურში, 9 მარტს თბილისში დაუპირისპირდა და ბათუმელებმა გია მანჯგალაძის გოლით 1:0 მოიგეს. ბათუმის „დინამოს“ და „დინამო თბილისის“ დღევანდელი შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.