მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის პროკურატურამ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ ლამინ დიაკისთვის ოთხწლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ყოფილ ფუნქციონერს ბრალად ედება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და მექრთამეობის არაერთი ფაქტი. კერძოდ, სენეგალელი სოლიდურ გასამრჯელოს იღებდა რუსი მძლეოსნების დადებითი დოპინგ-სინჯების დამალვის სანაცვლოდ.

იგივე ბრალდება აქვს ლამინ დიაკის ვაჟს, პაპა მასატა დიაკს, რომელიც სენეგალში იმალება. მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ლამინ დიაკი საერთაშორისო ფედერაციას 1999-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. ის 2015 წლის ნოემბერში საფრანგეთში დააპატიმრეს.