მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ 23 რუსი სპორტსმენი გადაარჩინა დოპინგზე ჩავარდნას
მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ 23 რუსი სპორტსმენი გადაარჩინა დოპინგზე ჩავარდნას

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლამინ დიაკმა პარიზში მიმდინარე სასამართლო პროცესისას აღიარა, რომ დამალა ლონდონის ოლიმპიადისა და მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატის წინ რუს სპორტსმენებთან დაკავშირებული 23 სადოპინგო ინციდენტი. ყველა ეს ათლეტი სისხლის პასპორტის მეშვეობით ამხილეს და დასაჯას მას შემდეგ, რაც დიაკმა 2015 წელს, ზეწოლის შედეგად თანამდებობა დატოვა.

ამასთან, 87 წლის სენეგალელი უარყოფს, რომ პირადად იღებდა რუსულ ფულს, კერძოდ, თავისი ქვეყნის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მაშინ ლაპარაკი იყო ფედერაციის ანგარიშებზე რუსული ფულის გადარიცხვების შესახებ.

„ჩემთვის საჭირო იყო ფინანსური კეთილდღეობის შენარჩუნება და ორგანიზაციის რეპუტაცია. და მზად ვიყავი ამისთვის კომპრომისზე წავსულიყავი”, – თქვა დიაკმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში კორუპციის საქმეს.

სენეგალელი ფუნქციონერი ირწმუნება, რომ არაფერი იცოდა სქემაზე, რომლის მიხედვითაც მძლეოსანს, რომელიც გადაიხდიდა დაახლოებით 300 ათას ევროს, შეეძლო თავისი დადებითი დოპინგ-ტესტის ანულირება ან სისხლის პასპორტში მაჩვენებლების შეცვლა.

დიაკისთვის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება, – წერს გაზეთი „ეკიპი”.