მდინარე ნილოსიდან სუდანში ათობით ცხედარი ამოიტანეს
მდინარე ნილოსიდან სუდანში ათობით ცხედარი ამოიტანეს

სუდანში მდინარე ნილოსიდან ათობით ცხედარი ამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. სავარაუდოდ, ცხედრები იმ ოპოზიციონერებისაა, რომელთა წინააღმდეგაც სამხედროებმა ძალა გამოიყენეს.

ექიმების მონაცემებით, ამჟამად 40 გარდაცვლილის ცხედარია ამოტანილი. ამრიგად, ოპოზიციის აქციის დაშლის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სუდანში 100 მიაღწია. სუდანის მმართველმა დროებითმა სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ქვეყნის დედაქალაქ ხართუმში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ქუჩაში გასვლის ეშინიათ, რადგან დედაქალაქში შეიარაღებული ჯგუფები პატრულირებენ.

სუდანში მაისში სამხედრო გადატრიალება მოხდა. შედეგად ქვეყანას სამხედრო საბჭო ჩაუდგა სათავეში. თავდაპირველად ოპოზიცია სამხედროების სამწლიან მმართველობას დათანხმდა. თუმცა, 4 ივნისს სამხედრო საბჭომ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკება შეწყდა და არჩევნები სუდანში ცხრა თვეში უნდა გაიმართოს. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ოპოზიციამ მჯდომარე აქცია გამართა და სამოქალაქო მმართველობა მოითხოვა, თუმცა მათ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს.