მჭედლიძეს ევროპალიგაზე გასული გუნდები იწვევდნენ - საქართველოში დაბრუნების სურვილი ჩვენი კლუბების გამოსვლის შემდეგ გამიჩნდა
მჭედლიძეს ევროპალიგაზე გასული გუნდები იწვევდნენ - საქართველოში დაბრუნების სურვილი ჩვენი კლუბების გამოსვლის შემდეგ გამიჩნდა
საქართველოს პირველი არხის გადაცემის „ტაიმ აუტის“ სტუმარი ლევან მჭედლიძე იყო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა იმ მოტივებზე ილაპარაკა, რის გამოც თბილისის „დინამოში“ თამაშს დათანხმდა.
 
„რა თქმა უნდა, ეს თითქოს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რომელსაც არავინ ელოდებოდა. საქართველოში ყოფნის დროს გამიჩნდა სურვილი, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ეს ნაბიჯი გადავდგი. იყო რაღაც სტიმულიც – ევროპის ლიგის პლეიოფში რომ წავაგეთ, გამიჩნდა ამბიცია, რომ „დინამოსთან“ ერთად წარმატებებისთვის მიმეღწია. არადა, ამ დროს იტალიაში მიწვევდნენ გუნდები, რომლებიც ახლაც ევროპის ლიგაზე თამაშობენ. მაგრამ სასიამოვნო იყო, რომ ორი ქართული გუნდი იყო ევროპის ლიგის ჯგუფთან ძალიან ახლოს, „დინამო“ და „საბურთალო“. რა თქმა უნდა, იმედები არ გამართლდა, მაგრამ ხდება, ფეხბურთია“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ ლევან მჭედლიძემ.
თბილისელთა გამოცდილი თავდამსხმელი იმ განსხვავებაზე ლაპარაკობს, რაც იტალიურ და საქართველოს ჩემპიონატებს შორის არსებობს: „რა თქმა უნდა, ჩემპიონატის დონეებს შორის დიდი განსხვავებაა, თუმცა კონკრეტულად თბილისის „დინამოში“ არის ყველაფერი იმისათვის, რომ კომფორტულად იყო, იშრომო და გაიზარდო. სამწუხარო ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ხალხი არ დადის, ნაკრებზე კი მრავლად იყო. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციაში ის ხალხია, ვისთან ერთადაც მითამაშია და ვიცი, ყველაფერს გააკეთებენ, ჩემპიონატი და ფეხბურთი რომ განვითარდეს. ამისათვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ“.
თავდამსხმელმა სატრანსფერო გეგმებსა და „დინამოს“ საჩემპიონო ამბიციაზე ილაპარაკა: „არც მაქვს უფლება, ახლა ტრანსფერზე ვილაპარაკო და ვიფიქრო. ამით უპირველესად, თავს ვავნებ. ეროვნულ ლიგაში კი დაძაბული ვითარებაა და ზუსტად ესაა ჩემთვის დიდი სტიმული, რომ ბიჭებთან ერთად ჩემპიონები გავხდეთ. ექვსი თამაში დაგვრჩა და ექვსივე ფინალის ტოლფასი იქნება“.