მჭედლიძე და კიტეიშვილი დაბრუნდნენ - ჩაკვეტაძე ისევ მთავარი გმირია [ვიდეო]
მჭედლიძე და კიტეიშვილი დაბრუნდნენ - ჩაკვეტაძე ისევ მთავარი გმირია [ვიდეო]

ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ მასპინძლობდა და 42-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა. 77-ე წუთზე 2:2 გახდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოედანზე გამოჩნდა – ის თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში „ემპოლიმ“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, 3:2 მოიგო და ბოლო სამეულს თავი დაღწია – ამჟამად, გუნდმა მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ გასვლაზე „ალტახს“ 2:0 სძლია. სტუმართა რიგებში ოთარ კიტეიშვილმაც ითამაშა – სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული ნახევარმცველის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ის „შტურმის“ მაისურით ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ კი ბელგიაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მთავარი მოვლენის გმირი იყო. მისმა „გენტმა“ საკუთარ სტადიონზე „ანტვერპენს“ უმასპინძლა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა. ერთ-ერთ ეპიზოდში 19 წლის ქართველმა ლამის 30 მეტრიდან დაარტყა და მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა – ვიდეოზე გარკვევით არ ჩანს, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა თუ არა, არბიტრმა კი გოლი არ ჩათვალა.