მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ საკუთარ მომავალზე მოელაპარაკა #1TVSPORT
მბაპე „პარი სენ-ჟერმენს“ საკუთარ მომავალზე მოელაპარაკა #1TVSPORT

ინგლისურ გაზეთს, The Times-ს მიაჩნია, რომ კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა დასრულდა. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს ზეპირი შეთანხმება აქვს „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ჰელაიფისთან იმაზე, რომ პარიზული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხას მიიღებს.

როგორც ირკვევა, მბაპემ რამდენიმე შეხვედრა გამართა ალ-ჰელაიფისთან, რომლის შედეგადაც მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს.

კილიანი ან კიდევ ერთი წლით (2025 წლის ზაფხულამდე) გააგრძელებს კონტრაქტს პსჟ-სთან, ან, საერთოდაც, მრავალწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელშიც იქნება პუნქტი მის გაყიდვაზე.

თუ არც ერთი და არც მეორე არ მოხდება, მბაპე ვერ მიიღებს 100 მილიონ ევროს, რომელიც მას ბონუსად ეკუთვნის 2022 წელს გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ.

ასევე, კილიან მბაპემ დაარწმუნა „პარი სენ-ჟერმენი“, რომ მზად არის, ითამაშოს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით და სურს პარიზულ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება.