მაურიციო სარი - თუ აზარს წასვლა სურს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ
მაურიციო სარი - თუ აზარს წასვლა სურს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი აცხადებს, რომ თუ ედენ აზარს გუნდიდან წასვლა სურს, კლუბმა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. გუშინ, 8 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეალ მადრიდი მზად არის 28 წლის ბელგიელში 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, იმავე საღამოს კი ფეხბურთელმა ვესტ ჰემის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორი გოლი გაიტანა.

„თუ ედენს ახალი გამოცდილების შეძენა სურს, მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება“, – განუცხადა სარიმ სკაი სპორტსს, – „მან შესანიშნავი თამაში ჩაატარა. როდესაც ის ასე თამაშობს, ყოველთვის ვიგებთ“.

აზარს, რომლის კონტრაქტი ჩელსისთან 2020 წლის ზაფხულში იწურება, ზემოხსენებული მატჩის დასრულებისთანავე დაუსვეს შეკითხვა მადრიდში შესაძლო გადასვლის თაობაზე.

„არასწორი ინფორმაციაა. ამჟამად მხოლოდ ჩელსიზე ვარ ფოკუსირებული და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. აქ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს და მერე ვნახოთ“, – განაცხადა ფეხბურთელმა.

გასულ კვირას რეალ მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმაც გააკეთა განცხადება ედენ აზარის შესახებ. მან განაცხადა, რომ ბელგიელის მსგავს ფეხბურთელებს ყოველთვის აფასებდა, თუმცა ახლა, როდესაც ჩელსის უეფამ ფეხბურთელების შეძენისთვის ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოყენება აუკრძალა, ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა რთული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 18-წლამდე ასაკის უცხოელ ფეხბურთელებთან კონტრაქტის გაფორმების წესების დარღვევისთვის, ლონდონურ კლუბს 2020 წლის იანვრამდე ახალი მოთამაშეების შეძენა აეკრძალა.