მაურიციო სარი - ჰადსონ-ოდოი ჩელსიში რჩება
მაურიციო სარი - ჰადსონ-ოდოი ჩელსიში რჩება

მაურიციო სარის თქმით, ქელამ ჰადსონ-ოდოი მომავალ სეზონშიც ჩელსიში ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელს ეს არ სურს.

18 წლის მოთამაშეს არისტოკრატებთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და გუნდი მას ახალ შეთანხმებასა და კვირაში 85 000 ფუნტ სტერლინგს სთავაზობს. მიუხედავად ამისა, ჰადსონ-ოდოის დარჩენა არ სურს.

ახალგაზრდა ფორვარდის შეძენის სურვილს მიუნხენის ბაიერნი გამოთქვამს, თუმცა გერმანულმა გრანდმა მიმდინარე წლის იანვარში ლონდონური გუნდისგან უარი მიიღო. თუ სტატუს ქვო შენარჩუნდა, მომავალ წელს ჰადსონ-ოდოი ჩელსის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„მე ვფიქრობ, ის დარჩება“, – ამბობს სარი, – „ვერ ვიტყვი, გააფორმებს თუ არა ის ახალ კონტრაქტს ჩვენთან, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ნებისმიერ შემთხვევაში აქ ითამაშებს“.

შეგახსენებთ, რომ ქელამ ჰადსონ-ოდოი გასულ უქმეებზე პირველად გამოიძახეს ინგლისის ეროვნულ გუნდში.