მაურიციო სარი - ამ ფეხბურთელების მოტივირება უკიდურესად რთულია
მაურიციო სარი - ამ ფეხბურთელების მოტივირება უკიდურესად რთულია

„არსენალთან“ დამარცხების შემდეგ, „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან გაბრაზებულია თავის ფეხბურთელებზე. „არისტოკრატებმა“ სტუმრად 0-2 წააგეს და ახლა მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ მეხუთეადგილოსან „არსენალს“, რომელსაც მეექსვეადგილოსანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მსგავსად 44 ქულა აქვს. სარის გაღიზიანებას ის ფაქტიც მატებს, რომ მისმა გუნდმა კარში ზუსტი დარტყმის შესრულება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

„ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების მიდგომით. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა მაურიციო სარიმ, რომელმაც ამ თანამდებობაზე თავისი თანამემამულე ანტონიო კონტე გასული წლის ზაფხულში შეცვალა.

„უნდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაბრაზებული ვარ. ეს დამარცხება ჩვენი მენტალობის ბრალია და მე ამას ვერ შევეგუები. ფეხბურთელთა ამ ჯგუფის მოტივირება უკიდურესად რთულია“, – განაცხადა სარიმ.