მატიას ალმეიდა ვაკო ყაზაიშვილზე - ის და კარლოს ველა დიდი მოთამაშეები არიან
მატიას ალმეიდამ ვაკო ყაზაიშვილი კიდევ ერთხელ შეაქო. მეიჯორ ლიგის (ამერიკის ჩემპიონატი) 22-ე ტურში „კოლორადოსთან“ მოგებულ (3:1) მატჩში საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ ფეხბურთელმა შთამბეჭდავი გოლი გაიტანა.
„სან ხოსეს“ არგენტინელ მწვრთნელს (მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილეს, „ლაციოსა“ და „ინტერის“ ყოფილ მოთამაშეს) ქართველისა და მექსიკის ნაკრების თავდამსხმელის, „რეალ სოსიედადის“ ყოფილი მოთამაშის, კარლოს ველას შედარება სთხოვეს, რომელიც ახლა „ლოს ანჯელესში“ გამოდის.
„ეს ისეთი შედარებაა, რომელიც არ მაინტერესებს. ორივე დიდი მოთამაშეა. ვაკო ახლა იმ დონეზე თამაშობს, რომელსაც მისგან ველოდი. როდესაც გუნდი ჩავიბარე, ასეთ ფორმაში არ იყო. დავილაპარაკეთ, ივარჯიშა და გაიგო, რომ ისე უნდა ითამაშოს, როგორ მოთხოვნებსაც მე ვუყენებ“, – ამბობს ალმეიდა.
ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონზე ჩატარებულ 22 შეხვედრაში (ჩემპიონატსა და ამერიკის თასზე) 10 გოლი გაიტანა. ბოლო სამი შეხვედრაა, მოედნიდან უგოლოდ არ გამოდის და მისი კარგი თამაშის დამსახურებაა, რომ გასული სეზონის აუტსაიდერი „სან-ხოსე“ 22 ტურის შემდეგ 37 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.